XIX ს. პირველ ნახევარში იმერეთის მხარის სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა, ისე როგორც მთელი საქართველოსა, ძალზე მძიმე იყო, მაგრამ 30-40 წლებიდან იწყება ერთგვარი ძვრები სამეურნეო ცხოვრებაში, რასაც თან ახლდა ქალაქების ზრდა-განვითარება: წინაურდება იმერეთის მთავარი ქალაქი ქუთაისი და იმერეთის საბაზრო ქალაქები, ვითარდება ქალაქებში ხელოსნური წარმოებანი და კაპიტალისტური ხასიათის მანუფაქტურები: აბრეშუმის, ტყავის, აგურის წარმოებანი და სხვა. 30-იანი წლებიდან გაღვივდა ასევე საზოგადოებრივი მოძრაობა. ამ მიზნით, XIX ს. პირველ ნახევარში, ქუთაისში ჯერ სამაზრო სკოლა, შემდეგ კლასიკური გიმნაზია გაიხსნა. ქართული კულტურის განვითარების საქმეში დიდ წარმატებებს მიაღწია მწერლობამ, მეცნიერებამ, გამოცოცხლებას იწყებს თეატრალური ცხოვრება.
იმერეთის გუბერნია
იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ შეიქმნა იმერეთის ოლქი, რომელიც 1840 წლამდე არსებობდა. ოლქის მთავარი ქალაქი იყო ქუთაისი, სადაც მოქმედებდა ოლქის დროებითი მთავრობა. იმერეთის ოლქი დაყოფილ იქნა ოთხ ოკრუგად: ქუთაისის, ვანის, შორაპნის და რაჭის ოკრუგებად. როგორც ოლქის, ასევე ოკრუგების სათავეში იდგნენ რუსი სამხედრო მოხელეები. 1840 წელს ამიერკავკასიაში გატარდა ადმინისტრრაციული რეფორმა, რის შედეგად შეიქმნა საქართველოს მასშტაბით ერთი საქართველო-იმერეთის გუბერნია. გუბერნიის შემადგენლობაში შევიდა ქუთაისის მაზრა, რომელიც იმერეთის ყოფილი სამეფოს ტერიტორიას მოიცავდა. 1846 წელს საქართველოში შეიქმნა ორი გუბერნია — თბილისისა და ქუთაისის გუბერნიები. ქუთაისი გამოცხადდა ქუთაისის გუბერნიის მთავარ ქალაქად. ქუთაისის გუბერნიაში შედიოდა ქუთაისის, გურიისა და ახალციხის მაზრები.
1855 წელს რუსეთ-თურქეთის ომის დროს თურქეთის ჯარებმა შეძლეს აფხაზეთის დაკავება. მაგრამ ისინი სასტიკად დაამარცხეს რუსეთის ჯარმა და ქართულმა ლაშქარმა სამეგრელოში. ამით ჩაიშალა თურქეთის სარდლობის გეგმა, რომელიც ქუთაისის ხელში ჩაგდებას ისახავდა მიზნად. ყირიმის ომში რუსეთი დამარცხდა, მაგრამ ამ ომით ცარიზმმა თავისი პოზიციები განამტკიცა კავკასიაში, რასაც შედეგად სამეგრელოში, აფხაზეთსა და სვანეთში რუსული მმართველობის დამყარება მოჰყვა.
1857 წელს შეიქმნა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატორო, რომელსაც ადმინისტრაციულად ექვემდებარებოდა ქუთაისის გუბერნატორის გარდა, სამეგრელოს, აფხაზეთის და სვანეთის სამფლობელოებიც, რომლებშიც რუსული მმართველობა იყო დამყარებული. 1883 წლიდან მას შეუერთდა ბათუმის ოლქიც.
ბატონყმობის გადავარდნა
ქუთაისის რკინიგზის სადგური, დაახ. 1900.
ქუთაისი, 1892.
ყირიმის ომში რუსეთის მარცხმა ცხადყო ამ ქვეყნის ფეოდალური რეფორმის აუცილებლობა. პირველ ხანებში მეფის მთავრობა არ იყო მომხრე საგლეხო რეფორმის გატარებით, მაგრამ სოციალ-ეკონომიკური ურთიერთობის გამწვავებამ აიძულა დათანხმებულიყო. 1864 წელს გამოიცა დებულება თბილისის გუბერნიაში გლეხთა მიწათმოწყობის შესახებ, 1865 წელს ეს დებულება გატარდა ქუთაისის გუბერნიაში, სამეგრელოში — 1867 წელს, აფხაზეთში — 1870 წელს, სვანეთში — 1871 წელს.
საგლეხო რეფორმების გატარებამ გზა გაუხსნა ბურჟუაზიული ურთიერთობის შემდგომ განვითარებას. ქალაქებს მოაწყდა თავისუფალი მუშა ხელი, გასაქანი მიეცა მრეწველობის განვითარებას, ვაჭრობა-აღებ-მიცემობას.