აკაკი წერეთელი
XIX ს. 60-70-იანი წლები მნიშვნელოვანი ფურცელია საქართველოს ისტორიაში. ამ დროიდან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოძრაობას სათავეში ჩაუდგა ახალი თაობა — თერგდალეულები, რომელთაც მესვეურობდნენ ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, სერგო მესხი, იაკიბ გოგებაშვილი. საზოგადოებრივ მოძრაობას სათავეში ედგა საქართველოს დიდი საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე.
ამ ეროვნულ საქმეში განსაკუთრებით გამორჩეულია ქალაქ ქუთაისის როლი. ამ დროიდან ქუთაისი საქართველოს ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრაობისა და კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობის თვალსაჩინო ცენტრი ხდება. საქართველოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში XIX ს. მეორე ნახევრიდან XX ს. 30-იან წლებამდე, ადგილი არ ჰქონია ცოტად თუ ბევრად მნიშვნელოვან მოვლენას, რომლის წამომწყები და ტონის მიმცემი არ ყოფილიყო ქუთაისის შემოქმედებითი ინტელიგენცია. იგი ყოველთვის თავს უყრიდა მთელი მხარის ინტელექტუალურ ძალებს, რადგან ისტორიულად მჭიდროდ იყო დაკავშირებული თავის მხარესთან. ქუთაისმა გაზარდა სახელოვანი თაობა, რომელმაც XIX ს. 60-იან წლებში „თერგდალეულთა“ ძირითადი ბანაკი შეადგინა.
ქუთაისში გაატარა თავისი ცხოვრების მეტი ნაწილი ქართველი ხალხის დიდმა ეროვნულმა მოღვაწემ და პოეტმა აკაკი წერეთელმა. ეს ქალაქი გახდა მისი პოეტური სამშობლო, რომელსაც იგი სავარდო და სამაისო ქალაქს უწოდებოდა. ქუთაისში დაიბადა და ჭაბუკობის წლები გაატარა დიდი ილიას მეგობარმა საზოგადო მოღვაწემ ნიკო ნიკოლაძემ. ქუთაისსა და იმერეთს შეეხება მისი სამეურნეო-ეკონომიკური პროექტები და მოწინავე რეფორმისტული იდეები, რომლებიც აქტუალურია დღესაც. ქუთაისის კულტურის ისტორიას ამშვენებენ ვლადიმერ (ლადო) ალექსი-მესხიშვილის, კოტე მარჯანიშვილის, ზაქარია ფალიაშვილის და სხვა დიდ შემოქმედთა სახელები. ქუთაისში გამოჩნდა სამწერლო სარბიელზე XX ს. პოეტური აზროვნების უბადლო ოსტატი გალაკტიონ ტაბიძე. ქუთაისში აიდგეს ფეხი დიდმა მოაზროვნეებმა გრიგოლ რობაქიძემ და მიხაკო წერეთელმა. ამ ქალაქთანაა დაკავშირებული „ცისფერყანწელებისა“ და სხვა სახელოვან მამულიშვილთა მოღვაწეობა.